пятница, 24 марта 2017 г.

მოზაიკა


Beef Wellington

ინგრედიენტები:
•750 გრ. საქონლის სუკი
•400 გრ. სოკო 2 სახეობა (შამპინიონი/პორტობელო)
•ნიორი 1 კბილი
•ღვინო 1/3 ჭიქა
•1 ღერო ტიმიანი (ქონდარი)
•6 ნაჭერი ბეკონი
•1 ს/კ ინგლისური მდოგვი
•500 გრ. ფენოვანი ცომი
•2 კვერცხის გული
•ზეითუნის ზეთი
•მარილი
•შავი პილპილი
მომზადების წესი: მარილითა და პილპილით შეკმაზული სუკი დაბრაწეთ გახურებულ ტაფაზე 2 წუთის მანძილზე თითო მხრიდან, რომ გაგრილდება წაუსვით მდოგვი. დააქუცმაცეთ სოკო კომბაინში ნიორთან და ტიმიანთან ერთად, დაუმატეთ ღვინო, მარილი, პილპილი და მოთუშეთ ტაფაზე, სანამ სითხე ბოლომდე არ ამოშრება. საკვების პოლიეთილენის პარკზე დააწყვეთ ფენა-ფენად ბეკონი, ისე რომ ერთმანეთზე ნაჭრები ნახევრად გადადიოდეს, წაუსვით სოკოს მასა, ზევიდან დაადეთ სუკი. გადაახვიეთ მჭიდროდ რულეტივით და შეინახეთ მაცივარში 15 წუთით. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი 3 მმ. მართკუთხედ ფორმაზე. საკვების პოლიეთილენის პარკზე გადაიტანეთ ცომი და შუაში მოათავსეთ ბეკონში გადახვეული სუკი, კიდეებზე წაუსვით კვერცხის გული, რომ ცომი კარგად შეიკრას და გადაახვიეთ მჭიდროდ რულეტივით. ისევ შედგით მაცივარში 15 წუთი, შემდეგ წაუსვით მთლიან ზედაპირზე კვერცხი, მოაყარეთ მარილი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოღების შემდეგ დაასვენეთ 10 წუთი, სანამ დაჭრით. 
წითელი ღვინის სოუსი

ინგრედიენტები:
•3 ნაჭერი ბეკონი
•1 პატარა წითელი ხახვი
•1 კბილი ნიორი
•1 ც. დაფნის ფოთოლი
•ბაჰარის მარცვლები
•პილპილის მარცვლები
•1 ღერო როზმარინი
•3 ჭიქა წითელი ღვინო
•საქონლის ბულიონი
•მარილი გემოვნებით
•შაქარი გემოვნებით
მომზადების წესი: ბეკონი დაჭერით კუბებად და დაბრაწეთ გახურებულ ტაფაზე; ბეკონის ცხიმში მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ დაფნა, ბაჰარის მარცვლები, შავი პილპილის მარცვლები, ერთი ღერო როზმარინი და დაასხით წითელი ღვინო. შესაძლებელია საქონლის ბულიონის დამატებაც. უნდა ხარშოთ ერთი მესამედის დაშრობამდე. დაუმატეთ მარილი და შაქარი გემოვნებით. ამის შემდეგ გადაწურეთ.
კარტოფილის გრატენი შებოლილი სულგუნით

ინგრედიენტები:
• 800 გრ. კარტოფილი
• 1 კბილი ნიორი
• 450 გრ. ნაღები
• 150 გრ. შებოლილი სულგუნი
• მარილი
მომზადების წესი: კარტოფილი გათალეთ და დაჭერით სლაისებად, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით ნაღები, დაუმატეთ ოდნავ მარილი და აადუღეთ თითქმის მოხარშვამდე. გამოსაცხობ ჭურჭელს წაუსვით ძირზე და გვერდებზე შუაზე გაჭრილი ნიორი, შემდეგ გადაიტანეთ ამ ჭურჭელში მოხარშული კარტოფილი თავისი სოუსით, მოაყარეთ გახეხილი შებოლილი სულგუნი, ისე რომ მთლიანად დაფაროს ზედაპირი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ დაახლოებით 15 წუთი, ყველის დაბრაწვამდე. 
გამომცხვარი კომში თაფლით და ნიგვზით

ინგრედიენტები:
• 1 ც. კომში
• 1 ჩ/კ. ყავისფერი შაქარი
• 15 გრ. ნიგოზი
• 1 ს/კ. თაფლი
• 1 ბურთულა თეთრი ნაყინი
მომზადების წესი: კომში გაჭერით შუაზე და გაუსუფთავეთ კოვზით გულები, მოაყარეთ შაქარი და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, კომშის დარბილებამდე. დაჭერით ნიგოზი უხეშად და მოათავსეთ კომშის შუაგულში, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი და ისევ შედგით ღუმელში რამდენიმე წუთით. გამომცხვარი კომში სუფრასთან მიიტანეთ თეთრი ნაყინის ბურთულასთან ერთად.